28 ნოემბერი 2026,   13:10
ვრცლად
აჭარაში "ჯანდაცვის ფორუმი - 2026" გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით "ჯანდაცვის ფორუმი - 2026" გაიმართა.

ფორუმი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შეაჯამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებებით მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს 97 მილიონ ლარს მიაღწია. 2012 წლიდან უწყების ბიუჯეტი 13-ჯერ გაიზარდა. ზრდის ტენდენცია გაგრძელდება 2027 წელსაც. წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური მომსახურება 70 000-მდე მოქალაქეს უფინანსდება," - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სოციალური პროგრამების ექსპერტი, აკადემიური დოქტორი სოფიო ბაკურიძე და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის განცხადებით, გაფართოვდა კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება და დაინერგა ახალი, თანამედროვე სამედიცინო სერვისები. ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის პროგრამით 400-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციის მიმართულებით 175 მოქალაქეს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შედეგად 88 ბავშვი დაიბადა. გაფართოვდა შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამებიც - ამოქმედდა 10 ახალი პროგრამა, ყოველწლიურად 13 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, მომსახურებებით 5 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, ხელმისაწვდომია 28 სახეობის დამხმარე საშუალება.

ასევე გაფართოვდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პრევენციული და სკრინინგული სერვისები, განვითარდა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები.

დღის ამბები