04 მაისი 2024,   05:04
ვრცლად
ნინო გვენეტაძის გადადგომა ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის, ეს ბუნებრივად აღძრავს კითხვებს - სულხან სალაძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას მესამე სექტორში ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა უზენაესი სასამართლოს მიერ ციანიდის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მოკლე დროში მოხდა.

5-თვიანი განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარი თქვა.

„ის, რომ დროში, ეს ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის და პრაქტიკულად, მეორე დღეს ხდება ამის გაცხადება, ეს ბუნებრივად აღძრავს კითხვებს,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა შესაძლოა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„შეიძლება ამან გვაჩვენოს მორიგი რაუნდი პრეზიდენტს და პარლამენტს შორის დაპირისპირების. თუ პრეზიდენტმა, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესია, წარუდგინა კანდიდატი, რას იტყვის პარლამენტი, უბრალოდ, არ შეიტანს დღის წესრიგში, არ იმსჯელებს, თუ იმსჯელებს, დააყენებს საკითხს კენჭისყრაზე და არ დაუჭერს ან დაუჭერს მხარს. ამას ყველა შემთხვევაში ვნახავთ, ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმისთვის, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს ეს ადგილი გამზადებული,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის სავარაუდო მიზეზებს საგანგაშოს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ნინო გვენეტაძე გახდა სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

„გვენეტაძის გადადგომის ორი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, ერთ შემთხვევაში, მან უბრალოდ, ვეღარ ნახა რესურსი თავის თავში, რომ ეს პრობლემატური სისტემა მართოს და ამიტომ გადადგა და მეორე შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მასზე ვიღაცამ ზეგავლენა მოახდინა. ორივე შემთხვევა არის ძალიან ცუდი, საგანგაშო,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები