შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიაში პატრულ-ინსპექტორი კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, სოფელ ჩხაკაურაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან კანაფის 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, სახლის მანსარდიდან კი გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან - 1 ძირი, სახლის მანსარდიდან კი გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.