26 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
ისტორია შესაძლოა შეიცვალოს - არქეოლოგების სენსაციური აღმოჩენის შემდეგ კოლხეთის სამეფოზე არსებული მითები სულ უფრო ხელშესახები ხდება

საქართველოს ისტორია შესაძლოა შეიცვალოს - არქეოლოგების სენსაციური აღმოჩენის შემდეგ, კოლხეთის სამეფოს და ქალაქ აიას შესახებ მწირი მითები სულ უფრო ხელშესახები ხდება.

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში ნანახი არტეფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნით თარიღდება.

76 წლის მეცნიერი ომარ ლანჩავა ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა, საქართველოს ისტორია შეცვალოს. დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ათასი წლის წინ დიდი დასახლება და კოლხური საამქროები იყო.

არქეოლოგიური სამუშაოები ქუთაისის ისტორიულ ნაწილში გაბაშვილის გორაზე მიმდინარეობს.

არქეოლოგების ვარაუდით, დასახლება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან არსებობდა. ამ აღმოჩენით შესაძლოა, დადასტურდეს ის, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფოს ანუ აიას, როგორც მას ანტიკურ წყაროებში მოიხსენიებდნენ, ცენტრი მდებარეობდა.

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში სამუშაოებს ქართველი არქეოლოგები პოლონელ კოლეგებთან ერთად ატარებენ. არტეფაქტები შესასწავლად ვარშავის უნივერსიტეტში იგზავნება.

სამუშაოებში ქართულ მხარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქუთაისს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ხელახლა წარდგენას.

3 ათასი წლის წინანდელი თავდაცვის თხრილს არქეოლოგები დღეს ისევ მიწით დაფარავენ. ნაპოვნი ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გამოიფინება. 

დღის ამბები