ინტერპოლმა დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
ორივე მათგანი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში - არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.
"ამ/წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მ/წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.
ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.