27 დეკემბერი 2024,   03:45
ვრცლად
14 წლის მოზარდს, რომელსაც გამოძიება 16 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობას ედავება, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 14 წლის მოზარდი საქალაქო სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სხდომა დახურული იყო. პროკურორის ინფორმაციით, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდებულმა 16 წლის ბიჭს რამდენიმე ჭრილობა დანით სამი დღის წინ მიაყენა. დაზარალებულის დედის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი ფაშისტური დაჯგუფების წევრია.

ახლობლები ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფი ბავშვის გადაბირებას ცდილობდა, ამიტომ მათი ვერსიით, შესაძლოა მომხდარი შურისძიებას უკავშირდებოდეს.

პროკურორმა, თამთა გახარიას თქმით, არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

პროკურორმა, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თქმითაც , ყველას ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

"განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 14 წლის არასრულწლოვანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, 2024 წლის 23 დეკემბერს ბრალდებულმა დაზარალებულს, დანის გამოყენებით, სამი ჭრილობა მიაყენა კისრისა და მარცხენა წინა მხრის არეში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათოა. ბრალდებულს დანაშაული აღიარებული არ აქვს, დღევანდელ პროცესზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, მათი როლისა და ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით ყველას ქმედებას მიეცემა შესაბამისის სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა თამთა გახარიამ.

დღის ამბები