მთავარი პროკურატურა კალათბურთის ფედერაციაში შესაძლო ფინანსურ დარღვევებს იძიებს. საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ევრო. ოფიციალურად ეს თანხა ესპანურ კლუბ „ბასკონიაში“ ქართველი კალათბურთელების გადამზადებას მოხმარდა.
თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთი კალათბურთელის მამამ, ლევან ბულაშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი შვილი, ლუკა ბულაშვილი კალათბურთის ფედერაციამ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სპორტსმენთა სიაში ჩაწერა, მაშინ, როდესაც კალათბურთელის „ბასკონიაში“ ვარჯიში მთლიანად ოჯახმა დააფინანსა.
კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, კახა შენგელია ამბობს, რომ ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე ფედერაციის მაღალჩინოსნების ფინანსურ ინტერესებზეა მორგებული. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე დაპირისპირების გამო დატოვა მან ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
საქართველოს ბიუჯეტიდან „ბასკონიაში“ გადამზადებისთვის უცხოელი კალათბურთელებიც დააფინანსეს.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ გამომძიებლებმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები უკვე დაკითხეს. ფედერაციიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაციაც. პროკურატურამ კლუბ „ბასკონიას“ პრეზიდენტი, ანტონიო კერეხეტაც გამოკითხა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სკანდალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ ამ საკითხს ვრცელი სტატიები მიუძღვნა.