26 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია დაკითხვაზე იმყოფება

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია დაკითხვაზე იმყოფება. დიდი ალბათობით, საქმე სკანდალურ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც "კურიერმა" გაასაჯაროვა და ზუგდიდის მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღებას ეხება. სწორედ, "კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო უწყებამ ამ საქმის შესწავლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია საგამოძიებო უწყებაში უკვე სამი საათია იმყოფება და სავარაუდოდ, მისი დაბარება ფარულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდება.

სწორედ აუდიოფაილების გასაჯაროების შემდეგ დატოვა თანამდებობა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ. გარდა ამისა, თბილისთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ზუგდიდშიც. საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობრის და დაცვის წევრის, ზაზა ხასაიას მეუღლემ. ხათუნა ფიფიამ  საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

ზუგდიდის მერმა პოსტი მას შემდეგ დატოვა რაც გაიგო, რომ მისი კორუფციული გარიგებების შესახებ ფარული ჩანაწერები ხელში "კურიერს" ჩაუვარდა. ჩანაწერიდან ნათელი ხდება, რომ გოგიამ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, ზურაბ კვირკვიასგან საქმის გასაკეთებლად ქრთამი აიღო, თუმცა საქმე საბოლოოდ არ გაკეთდა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული სამეგრელოს გუბერნატორთან და ქალაქის ვიცე-მერთანაც მიდიოდა.

დღის ამბები