21 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
ცესკო მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიას გადასამოწმებლად პროკურატურაში აგზავნის

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის  კანდიდატის მხარდამჭერთა სიას გადასამოწმებლად პროკურატურაში აგზავნის.

თამარ ჟვანიას უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური გაერთიანება სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ცესკო-ში წარდგენილ მხარდამჭერთა სიაში უზუსტობები აღმოჩნდა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორი და მწერალი - მიხეილ ანთაძე, წარადგინა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, ამბობს, რომ დარღვევები იყო ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ სიებში, რის შესახებაც მათ მოქალაქეებმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობეს.

„საქართველოს პრემიერმინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკო-ში არსებულ და საჯაროდ ცნობილ ხელმოწერისგან. ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას. ამასთან, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს. აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკო-ს მიერ გაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში, რეაგირებისთვის,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

დღის ამბები