26 დეკემბერი 2024,   21:05
ვრცლად
რეკეტი ბიზნესზე და თამბაქოს ბაზრის გადანაწილება - ოპოზიცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

სკანდალური ფარული ჩანაწერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს. ფარული აუდიომასალის ნახვის შემდეგ, რომან გოცირიძისთვის გაიშიფრა სქემა, როგორ ხდება ქვეყანაში ბიზნესის რეკეტი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თამბაქოს ბაზრის გადანაწილება.

ჩანაწერით პირდაპირ დგინდება, რომ ბიზნესს თამაშის წესებს ხელისუფლება უწესებს და აიძულებს, შემოსავლის 50%-ით მმართველი პარტია დააფინანსოს.

აუდიოჩანაწერის ფიგურანტები - ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, თბილისი-თამბაქოს აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და არც პროკურატურას დაუწყია გამოძიება.

გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ხელმძღვანელი, რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ კვლევებს ხშირად აქვეყნებს, ამბობს, რომ ჩანაწერში დასახელებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, უმძიმესი დანაშაული გამოიკვეთება.

ფარული ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ თამბაქოს ბაზარზე წილებს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი ინაწილებენ. ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ კავშირზეა და ბიზნესწილების ამბავს მასთან ათანხმებს.

2004-დან 2008 წლამდე ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ჩხარტიშვილი წლების განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, თუმცა, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესმენის ოჯახი მას დაუპირისპირდა. პატარკაციშვილებმა ჩხარტიშვილს ქონების მითვისების ბრალდებით სასამართლოში ლონდონში უჩივლეს. ვანო ჩხარტიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში საქართველო დატოვა და ის 2013 წლის 13 ნოემბერს დაბრუნდა.

ჩანაწერში, რომელის მთავარი მონაწილეც ვანო ჩხარტიშვილია, პირველად გაისმა თავად ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. როგორც ირკვევა, ნებისმიერი ბიზნესგადაწყვეტილება მასთან არის შეთანხმებული.

საპარლამენტო უმცირესობა დღეს მსხვილ ამერიკული თამბაქოს მწარმოებლებს იხსენებს და ამბობს, რომ Phillip Morris-ის და British American Tobacco-ს გამო, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკაში თავის მართლება არაერთხელ დასჭირდა.

მთავარმა პროკურორმა დღეს ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს შს მინისტრი, გიორგი გახარია. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუიკიანი, კი ამბობს, რომ ჯერ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

ვითარებაში გარკვევას ითხოვს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

უკვე მეორე კვირაა, ომეგა ჯგუფის შესახებ სკანდალური ჩანაწერები ვრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მაღალჩინოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს ეხება. უკვე რამდენიმე თვეა, ტელეკომპანია იბერიას ფინანსური პრობლემები აქვს და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

 

 

 

 

დღის ამბები