26 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
ფინანსური დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოს ირგვლივ - ფინანსურ დოკუმენტაციას აუდიტის სამსახური შეამოწმებს

ფინანსური დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოს ირგვლივ - საავადმყოფოს ფინანსურ დოკუმენტაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს. არ არის გამორიცხული, ქვეყნის მთავრი კლინიკის საქმიანობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც შეამოწმოს.

კლინიკაში აღმოჩენილი დარღვევების გამო, დოკუმენტაცია მაკონტროლებლებს საპარტნიორო ფონდმა გადაუგზავნა.

ფონდში ამტკიცებენ, რომ შიდა მოკვლევის შემდეგ, დიდი ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა, საავადმყოფოდან ფული კონკრეტული პირების პირად ანგარიშზე იყო გადარიცხული.

ქვეყნის ყველაზე დიდ, საუნივერსიტეტო კლინიკაში აღმოჩენილი დარღვევების გამო, საპარტნიორო ფონდმა საავადმყოფოს ფინანსური მენეჯმენტის გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა, დირექტორმა კლინიკის მფლობელის ეს მოთხოვნა არ შეასრულა. ერთადერთი, კლინიკის ფინანსური დირექტორი გაათავისუფლეს და მისი შემცვლელი დავით საგანელიძის ფონდმა დანიშნა. ახალი ფინანსური დირექტორი ახლა ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.

შიდა აუდიტის შემდეგ ყველაზე მეტი კითხვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მიმართ გაჩნდა. ავთანდილ იმედაძისთვის გაუგებარია, რა დარღვევებზე ალაპარაკდა საპარტნიორო ფონდი, რომლის ბალანსზეც კლინიკა, თითქმის, 3 წელია, არსებობს. დაწესებულების ხელმძღვანელი შიშობს, რომ საავადმყოფოს მენეჯმენტიც და ექიმებიც გამოგონილ ვერსიას შეეწირებიან.

ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. ამის შემდეგ გაირკვევა, მიითვისეს თუ არა ფული ქვეყნის მთავარი საავადმყოფოდან. 

 

დღის ამბები