21 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
ნათლად  გვესმის სად მიდიოდა - პარტიაში და ეს პარტია არ არის არანაირი სხვა პარტია გარდა "ოცნებისა" -ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებსა და სიგარეტის ბიზნესის წილზე 

„ქვეყანაში არის სამოხელეო კორუფცია და სწორედ ამის დამადასტურებელი ბევრი რაც ალბათ ნელა- ნელა გამომზეურდება,“-ასე ეხმაურება, დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფი" საქმესთან დაკავშირებით კურიერის მიერ მოპოვებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს. მასალიდან ირკვევა, რომ გაყიდული თითოეული სიგარეტის კოლოფიდან 2.5 თეთრი "ქართული ოცნების“ ფონდში ირიცხებოდა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ბიზნესის რეკეტი და ეს მხოლოდ მის კომპანიას არ ეხება. ჩხეიძე ვარაუდობს, რომ მალე მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით საუბარს სხვა ბიზნესმენებიც დაიწყებენ.

„ყველაფერი ის რასაც ჩვენ ახლა ტელევიზიიდან ვისმენთ და ყველაფერი ის რასაც კულუარებიდან ვისმენდით დეპუტატები ეს არახალია, რომ ქვეყანაში არის ტოტალური  კორუფცია. ქვეყანაში არის სამოხელეო კორუფცია და სწორედ ამის დამადასტურებელი ბევრი, რაც ალბათ ნელა- ნელა გამომზეურდება არა მხოლოდ ამ ჩანაწერებიდან რაც ახლა ეთერში გადის. არამედ ნელ- ნელა ალბათ სხვა კომპანიებიც და  სხვა ბიზნესმენებიც ამას იტყვიან და თუ არ იტყვიან მაინც გამოჩნდება. იმიტომ, რომ ძალიან კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც  ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა. რასაც ყველანი  ვისმენთ ძალიან ნათლად  გვესმის ის, რომ სად მიდიოდა-  პარტიაში. და ეს პარტია არ არის არანაირი სხვა პარტია გარდა "ოცნებისა". ეს ძალიან ადვილი მისახვედრია,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის

ამავე თემაზე
დღის ამბები