21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს - ოჯახისა და ადვოკატებისთვის უცნობია, რა გამოკვლევები ჩაუტარდა ყოფილ პრემიერს

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, ე.წ. მატროსოვის ციხიდან დილის 07:00 საათზე „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი. მას სამედიცინო გამოკვლევები 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. 

ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას „ავერსის“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა. დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ყოფილ პრემიერს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა.

„ჩაიტარა მაგინოტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები და ყველა ის გამოკვლევა, რაც დანიშნული იყო მისი პირადი ექიმის მიერ. დამკვეთი ჩვენთვის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელმაც სია გადმოგვცა, თუ რა გამოკვლევები უნდა ჩაგვეტარებინა, რითი იყო ეს გამოწვეული, ამაზე ჩვენ კომენტარი გაგვიჭირდება,“- განაცხადა ჯორბენაძემ. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსჯავრდებული, ყოფილი პრემიერი, საავადმყოფოში მათთან შეუთანხმებლად გადაიყვანეს. მათ მერაბიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ რამდენიმე საათის დაგვიანების შემდეგ შეიტყვეს.

ადვოკატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა ვანო მერაბიშვილის მედიკოსების დახმარება, რადგან გუშინ სასჯელაღსრულების უწყებაში განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და მას სამედიცინო ჩარევა აღარ სჭირდებოდა.

„გუშინ ეს მოხდა ოჯახთან, ადვოკატებთან შეუთანხმებლად. ჩვენ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. შემთხვევით გახდა ცნობილი. ჟურნალისტებმა დამირეკეს და მკითხეს, რომ ვანო მერაბიშვილი არის გადმოყვანილი „ავერსის“ კლინიკაში. ახლა ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა გახდა მისი გადმოყვანის მიზეზი,“- განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილმა.

ვანო მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკა უკვე დაატოვებინეს, ის საავადმყოფოდან ბადრაგმა ისევ საპატიმროში გაიყვანა.  

ყოფილ პრემიერს ჰორნერის სინდრომი აქვს. ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვანო მერბაიშვილის ციხიდან საავდმყოფოში უკვე მესამედ გადაიყვანეს. 

დღის ამბები