26 დეკემბერი 2024,   17:24
ვრცლად
180 ათასი ლარი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის - მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ "არქი ჯგუფის" გარდა კანდიდატს კიდევ ბევრი ადამიანი დააფინანსებს

180 000 ლარი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად - "არქი ჯგუფის" მიერ საკმაოდ სოლიდური თანხის გაღებაში თავად საპრეზიდენტო კანდიდატის მსგავსად, პრობლემას ვერც მმართველ გუნდში ხედავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავარია ის, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, რომელიმე კომპანიის მხრიდან იძულებითი წესით არ ხდება.

„მე ვფიქრობ აქ ინფორმაცია არის გახსნილი და დარწმუნებული ვარ, რომ შტაბი უპასუხებს ამ კითხვებს. მესაკუთრეები ამ ქვეყანაში არის გადამოწმებადი და ეს ინფორმაცია რა თქმა  უნდა არავისთვის არ არის დასამალი. ამ მომენტისთვის  საარჩევნო კამპანიაში მეტი თანხები აქვს მოზიდული ოპოზიციას. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის კამპანიას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის პრინციპულია, რომ ჩატარდეს ევროპული ყაიდის წინასაარჩევნო კამპანია პრეზიდენტის არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს დონაციას მის საარჩევნო ფონდში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი "არქი ჯგუფია". სამშენებლო კომპანია "არქის" მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ, "არქი ვარკეთილის" მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ და "არქი გლდანის" მეწილემ და დირექტორმა კახაბერ კობა ივანოვმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 180 000 ლარი გადაურიცხეს. თითოეულმა პირმა საპრეზიდენტო კანდიდატს 60 000 ლარი შესწირა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შენობა სადაც, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბია, ოთარ ფაცხალაძის ოჯახს ეკუთვნის. აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შენობა ვარდების რევოლუციის მოედანაზე, რესტორან წინანდლის საკუთრებაშია, რომელმაც ფართი ზურაბიშვილს იჯარით გადასცა. წინანდლის მფლობელი კი კომპანია ეკო ჯგუფია, რომლის წილიც ოთარ ფარცხალაძის შვილის ანდრია ფარცხალაძის სახელზეა გაფორმებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები