სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე დღეს დააკავეს. ორივე მათგანს მენაშენეების მილიონობით თანხის უკანონო დაუფლებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ ერთი სამშენებლო ობიექტიდან მათ უკანონოდ 3 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.
გივი ჯიბლაძის ადვოკატი მაღალი თანამდებობის პირების ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. ვალერი გელბახიანი ღიად მხოლოდ იმ ბიზნესმენების გვარებზე საუბრობს, ვინც მათივე მტკიცებით, „სვეტის“ ქონების დაუფლებას სახელმწიფოს დახმარებით უკანონოდ ცდილობს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ. მათი ადვოკატის ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს, რომ საქმიანობა ვეღარ გაეგრძელებინათ და ციხის შიშით ქონება დაეთმოთ.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სვეტს“ პრობლემები მაღალჩინოსნების დაპირისპირების გამო შეექმნა, დამფუძნებლის დაკავებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნდა ჯიბლაძის ხელნაწერები, რომლითაც სავარაუდოდ ირკვევა, რომ ის სამშენებლო კომპანიის ნებართვებისთვის ფულს სუს-ის ამჟამინდელ მაღალჩინოსანს, ვაჟა ლილუაშვილს უხდიდა, მაშინ როცა ის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის ცვლილების შემდეგ კი მოქმედ მერსა და სუს-ის მაღალჩინოსანთან ურთიერთობა სწორედ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წილების გამო დაიძაბა.
„სვეტის“ საქმიანობამ 10 ათასზე მეტი მოქალაქე დააზარალა. მენაშენეებმა ბინის შესაძენი ფული გადაიხადეს, თუმცა კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არ დასრულებულა. დაზარალებულები დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეიკრიბნენ. მათი უმრავლესობა ითხოვს, რომ დაკავებულებმა ქონება დათმონ და მშენებლობა სხვა ინვესტორმა გააგრძელოს.