26 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
ექიმებს, რომლებიც სიცოცხლეს იცავენ, ნიკა გვარამიას შევიწროვების ეშინიათ? - არჩილ თალაკვაძე

„ექიმებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს იცავენ, მართლა გგონიათ, რომ ამ ექიმებს ნიკა გვარამიას გადაცემების ეშინიათ და ნიკა გვარამიას შევიწროვების ეშინიათ?“-ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ კახეთში გააკეთა, სადაც ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კომპანიაში მონაწილეობს. უმრავლესობის წევრი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მხრიდან ექიმებზე გაკეთებულ განცხადებასაც  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამია ვერ შეძლებს შეავიწროვოს ექიმები იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ სალომე ზურაბიშვილისთვის გაიღეს.

„ვინ უნდა შეგავიწროვოთ თქვენ ან სად უნდა შეავიწროვოთ? თქვენი შესავიწროვებელი არ არის არც ახმეტაში არავინ,  არც გურიაში არავინ, არც გურიაში და არც თბილისში ბატონები. გამოდით თქვენს გადაცემებში, ილაპარაკეთ მაგრამ თქვენი შევიწროებული ადამიანი ამ  ქვეყანაში არ იქნება. ხალხი 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს და ეს პასუხი იქნება აუცილებლად სამართლიანი და სალომე ზურაბიშვილი, მე დარწმუნებული ვარ იქნება ის ადამიანი ვინც მომავალში კიდევ უფრო მეტად შეძლებს ადამიანების დაცვას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკუთარი პროგრამა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ამომრჩევლებს ახმეტაში გააცნო. კანდიდატის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ტურიზმის, ასევე მეღვინეობის, გარემოს დაცვასა და კულტურის სფეროს განვითარება იქნება.

„ვიქნები სწორედ ამ ტოლერანტობის, ამ შემწყნარებლობის, ამ მრავალფეროვნების პრეზიდენტი და ეს არის ის საქართველოს საუნჯე და სიმდიდრე, რომელიც მე პირადად როგორც პრეზიდენტი ვიქნები ვალდებული, რომ დავიცვა. მე ვიქნები ყოველდღიურად ჩართული პრეზიდენტი. მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი. არ იქნება დარგი კულტურის, რომელიც არ იქნება ჩემთვის  ძალიან ღირებული. მე ვიქნები ამ ყველა  იმედების პრეზიდენტი და უფრო სწორედ ვიქნები რწმენის პრეზიდენტი იმიტომ, რომ მე მართლა მჯერა ამ ქვეყნის. მე ამიტომ დავბრუნდი ამ ქვეყანაში რომ მჯერა მისი მომავლის,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები