27 დეკემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ტერიტორიაზე „კურიერის“ ჟურნალისტი და ოპერატორი უნებართვოდ შევიდნენ - რკინიგზის წარმომადგენელი

„რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ საგანგებო განცხადება გაკეთდა საქართველოს რკინიგზაში. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, გიორგი ზაზაშვილის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, „კურიერის“ ჟურნალისტი და ოპერატორი უნებართვოდ შევიდნენ.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებს ამ ტერიტორიის გადაღების უფლება არ ჰქონდათ და მშენებლობასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მხოლოდ ოფიციალურ უწყებას უნდა მიმართონ.

„სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და უსაფრთხოების სტანდარტები მოითხოვს, რომ ვიცოდეთ, რომელ საათზე შემოვა ადამიანი. ადამიანი, როდესაც ასეთ სამშენებლო ობიექტზე აპირებს შესვლას, სადაც მოითხოვება უსაფრთხოების მინიმალური აღჭურვილობა, ამ ადამიანმა შესაბამისი ორგანო საქმის კურსში უნდა ჩააყენოს,“- განაცხადა გიორგი ზაზაშვილმა.

ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.

ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.    

დღის ამბები