27 დეკემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ულტიმატუმი პროკურატურას - საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში მოკლული ლუკა ფალიანის ოჯახი დამნაშავეების სვანური წესით გასამართლებაზე საუბრობს 

მესტიის ცენტრში სადისტურად მოკლული ლუკა ფალიანის ოჯახი პროკურატურას დამნაშავეების მფარველობასა და მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს - თუ მთავარი საგამოძიებო უწყება მკვლელობაში ბრალდებულებს დროულად არ დააკავებს, მაშინ 25 წლის ახალგაზრდის ოჯახი მკვლელებს სვანური წესით თავად გაასამართლებს.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, სადაც წესით 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობა უნდა ჩანდეს, ოჯახმა აღმოჩინა, რომ დანაშაულის მომენტი ვიდეომასალიდან ამოჭრილია.

გამოძიების ოფიციალური ვერსიის, რომლის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია, ლუკა ფალიანის დედას არ სჯერა.

ლუკა ფალიანის ოჯახმა დამოუკიდებელი გამოძიებით დაადგინა  მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა გვარები. მოკლულის დედა ამბობს, რომ მის შვილს სასიკვდილო ჭრილობა დავით ნიგურიანმა, იგივე „ჩაჩიმ“ და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა, ბექა მუშკუდიანმა,  მიაყენეს, კიდევ ოთხმა პირმა კი დანაშაული დამალა.

ბრალდებების მთავარი ადრესატი ახალგაზრდა ბექა მუშკუდიანი პოლიციამ დაკითხა, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრა. ოჯახი ირწმუნება, რომ ლუკა ფალიანისთვის მას სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია და არც ჩხუბის მიზეზი გამხდარა.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში შეცვლილია დანაშაულის იარაღი. დანის აღწერილობა არ ემთხვევა იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც მომხდარის ერთადერთი თვითმხილველია.

მოკლულის ოჯახში ამბობენ, რომ პოლიციამ ახალგაზრდების კონფლიქტის შესახებ იცოდა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია.

მკვლელობა სასტუმრო „სვანეთთან“ 11 ივლისს გამთენიისას მოხდა. სასტუმროს კაფე-ბარში მისული სტუმრები დაცვამ შენობაში არ შეუშვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტის დროს ლუკა ფალიანი, რომელიც ამავე სასტუმროში იმყოფებოდა, გარეთ გავიდა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

 

ავტორი: ემა გოგოხია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები