27 დეკემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"ხელ-პირი შეუკრეს და ძალით წაიყვანეს" - სოფელ იორმუღანლოში მეთერთმეტე კლასელი გოგო მოიტაცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მეთერთმეტე კლასელი გოგო მოიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას 25 წლამდე ასაკის ბიჭმა მიაკითხა და სახლიდან გაიტაცა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ოჯახის წევრებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

„ორი უცნობი პიროვნება შემოვარდა სახლში, ხელ-პირი შეუკრეს, ძალით წაიყვანეს, ჩასვეს მანქანაში. გუშინ ექვსი საათის მერე ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი,“ - განაცხადა კაზამფარ მამედოვმა.

25 წლის ბიჭის ოჯახში ადასტურებენ, რომ ბიჭმა გოგო ნამდვილად მოიტაცა.

„ბიჭმა გოგონა ნამდვილად მოიტაცა, მაგრამ გოგონას ნათესავები ჩვენთან აგრესიით მოვიდნენ, ჩაგვიმტვრიეს შუშები, კართან ბენზინს ასხამდნენ, გვემუქრებოდნენ,“ - განაცხადა ლინონ ისაევამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამტაცებლის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები