ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ამერიკის სხვადასხვა შტატების უნივერსიტეტებმა თავიანთი სასწავლო პროგრამების და კურსების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს და სტუდენტებს მიაწოდეს.
გამოფენა უკვე მე-9 წელია, ამერიკული საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზებით ტარდება და ორგანიზატორების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდების ინტერესი ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებით 30 პროცენტითაა გაზრდილი.
„მივედი ტესტირებაზე. დავწერე ტესტი. სულ არის 3 ტური, 3 ტურის გადალახვის შემდეგ არის გასაუბრება ბოლო ეტაპზე. გასაუბრებიდან უკვე რამდენიმე კვირაში მოგდით პასუხი, ამ პასუხის შემდეგ უკვე მიბრძანდებით ამერიკაში. სკოლის ყველა საგანი, რასაც საქართველოში თბილისში ვსწავლობდი, იგივე საგნებს ვსწავლობდი იქაც. ინგლისურის ენის მხრივაც ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება იმიტომ, რომ ინგლისურ ენას ირჩევ, სწავლობ, აღრმავებ ამ ცოდნას, რაც შემდეგ უკვე საქართველოში გეხმარება, უკვე თავისუფლად ფლობ ენას. ამასთან ერთად რასაც დავეუფლე, ის იყო, რომ ვისწავლე ცხოვრება დამოუკიდებლად და მარტო," – განაცხადა „ფლექსის“ პროგრამის კურსდამთავრებულმა, არჩილ ზარქუამ.
ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის, ჯეფ რენოს, თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ქვეყნის მხარდაჭერის საუკეთესო გზად ახალგაზრდებისთვის კარგი განათლების მიცემას მიიჩნევს.
„განათლება საზოგადოების ჩამოყალიბების და მისი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ მოხარულები ვართ, როდესაც ამდენ მსურველს ვხედავთ ამერიკაში განათლების მიღების შემდეგ კი დაბრუნდების და საკუთარი ცოდნის ქვეყანაში გამოყენების. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ვფიქრობთ, რომ კარგი განათლების მიცემა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გზაა ქვეყნის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.