27 დეკემბერი 2024,   00:15
ვრცლად
"შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური" - სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დაიბარეს - ნაგვით სავსე ურნა გიგა მაქარაშვილს თავზე გორის მერიის მაღალჩინოსანმა ჩამოაცვა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დღეს თავად დაზარალებული დაიბარეს.

"შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური," - ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგიური შემოწმებას.

გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნის, თემურ მანველიშვილის, ბრალეულობის დადგენის ნაცვლად, დროს წელავს და საქმე აბსურდულად მიყავს. 

შემთხვევა 10 ოქტომბერს გორის მერიის წინ მოხდა. გიგა მაქარაშვილი რამდენიმე აქტივისტთან ერთად რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით გორის მერის განცხადებებს აპროტესტებდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

პროკურატურამ გამოძიება იმავე დღეს ძალადობის მუხლით დაიწყო. გიგა მაქარაშვილის ადვოკატი კი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საჩივრით საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დღის წინ მიმართა და საქმის დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გადაკვალიფიცირება და მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა, თუმცა, პროკურატურა ამ დრომდე დუმს. უფლებადამცველი ვარაუდობს რომ გამოძიება განგებ ჭიანურდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

 

ავტორი: თაკო სურგულძე 

 

 

დღის ამბები