26 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
ივანიშვილის გეგმა "რუსთავი 2"-ის გასაჩუმებლად და ყოფილი პრემიერის ღია მუქარა 

„რუსთავი 2“  ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემად რჩება. ყოფილმა პრემიერმა ინტერვიუს დროს სამაუწყებლო კომპანია 49-ჯერ ახსენა. ფრაზა - თქვენი ტელევიზია კიდევ 16-ჯერ. საერთო ჯამში ორსაათნახევრიან ინტერვიუს დროს ივანიშვილმა „რუსთავი 2“ 65 -ჯერ მოიხსენია. ყველაფერი ტელევიზიის კრიტიკით დაიწყო და სურვილების საჯარო დემონსტრირებით გაგრძელდა. მან ღიად თქვა, რომ თუ "რუსთავი 2"-ს გამორთავს მაშინ ქვეყანაში მეტი აღმშენებლობა იქნება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე მისულმა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ მისთვის მთავარი პრობლემა, არა ელიტური კორუფცია, კლანური მმართველობა, ლარის კურსის ვარდნა და სიღარიბის ინდექსის გაუარესება, არამედ ამ თემებზე მოლაპარაკე - ქვეყნის მთავარი არხია. მისი მთავრი პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილს უკვე მზად აქვს მედია გეგმაც. მან თქვა, რომ ერთი წელი სჭირდება იმისთვის, რომ "რუსთავი2"-ში მისთვის ამბები ისმოდეს.

ის ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს, თუმცა როგორც ჩანს ყველაზე ხშირად მაინც ამ არხს უყურებს. ორ საათიანი ტელეინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი არხის გადაცემების ანონსებს და წამყვანების ტექსტებს ციტირებდა.

ივანიშვილის ღია და პირდაპირი მუქარა "რუსთავი 2"-ს მისამართით - ასეთი შეფასება მოჰყვა ყოფილი პრემიერის განცხადებებს, როგორც ოპოზიციურ სპექტრში ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან.

ნინო გოგუაძე კი, რომელიც  2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილის საჯარო გამოსვლის ტექსტებს უწერდა ამბობს, რომ ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს გააჩუმოს "რუსთავი 2", რადგან დამოუკიდებელი ტელეარხი მისი მმართველობის ყველაზე მძიმე შედეგებს დაუფარავად აჩვენებს.

დღის ამბები