28 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
"მებრძვიან როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს" - ენმ-ს კოორდინატორის სახლში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეყარეს

კიდევ ერთი თავდასხმა ოპოზიციაზე. სოფელ ვეჯინში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის სახლში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეყარეს. იგი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. უცნობმა პირებმა ეზოში სამი ალმოდებული ბოთლი შეაგდეს, რის შედეგადაც გაჩნდა ცეცხლი. ის მალევე ჩააქრეს, თუმცა დაზიანდა ერთი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. ოპოზიციის შეფასებით წინასაარჩევნოდ მათ წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. გამოძიება სხვისი ნივთის, ან ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.

"ეს არის ღია ბრძოლა, მე მებრძვიან როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. აუცილებლად უნა მოხდეს გამოძიება, მე ამას ბოლომდე ჩავყვები,"- აცხადებს ელმირა ბეციაშვილი

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ღვინიაშვილი მომხდარ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ტერორს უწოდებს. 

"ამ ადამიანს სახლში უგდებენ "მოლოტოვის კოქტეილს" და უშვებს ხელისუფლება რომ შეიძლება ამას ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლი მოჰყვეს. ეს არის ყველანაირი ზვარს გადასვლა უკვე. ისინი არიან განწირული წასაგებად,"-გიორგი ღვინიაშვილი.

დღის ამბები