24 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ძებნა არის ძალიან რთული საქმე... შესაძლოა ყველა ღონისძიება იყოს გატარებული და ძებნილი ვერ დაადგინო - ნარჩემაშვილი ჯეკ შეფარდის სკანდალურ საქმეზე 

„ძებნა არის ძალიან რთული საქმე“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, კობა ნარჩემაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილის, ჯეკ შეფარდის სკანდალურ საქმეს. 

ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებული შეფარდი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა და ქართველ სამართალდამცველებზე ადრე "კურიერმა" იპოვა. შეფარდმა "რუსთავი2"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. 

კითხვაზე - რატომ ვერ მოხდა მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება მაშინ, როდესაც ის ბოლო 10 თვის განმავლობაში თბილისში თავისუფლად გადაადგილდებოდა, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ძებნა რთული საქმეა. ნარჩემაშვილის თქმით, უნდა გაირკვეს სამართალდამცველების მხრიდან დაუდევრობას ჰქონდა თუ არა ადგილი. 

„ჩვენ არ ვიცით ცალკეული გარემოებები, კონკრეტული დეტალები, რა ხდებოდა როგორ ხდებოდა. ასე, რომ ამის შემდეგ იქნება უფრო სამსჯელო, დაუდევრობასთან გვქონდა საქმე თუ პირიქით, არანაირი დარღვევა არ იყო. ასე ჯერ უნდა დაველოდოთ შედეგებს. ძებნა არის ძალიან რთული საქმე, ძებნის პროცედურების განხორციელება, სისტემატურობა, პერიოდულობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლებელია, ყველა ღონისძიება აქვს გატარებული და ძებნილი ვერ დაადგინო, სად არის და ვერ დააკავო. ასე რომ ცალსახად რაიმე დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები