უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკვე თავისი ხელმძღვანელი ჰყავს - მიტროპოლიტი ეპიფანე.
ახალგაზრდა მღვდელმთავარს დღეს მხოლოდ 40 წელი შეუსრულდა და დღესვე მოხდა მისი ინტრონიზაცია კიევში.
სასულიერო პირები უკრაინაში ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ლოკალური მოვლენა, ეს ეხება მთელ ქრისტიანულ, განსაკუთრებით მართლმადიდებლურ სამყაროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია.
„რუსეთის რეაქცია რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა დადებითი ამ ყველაფერზე რადგანაც რუსეთმა დაკარგა ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი სამრევლოები. რუსეთმა დაკარგა ქვეყანა რომელიც იყო მის იურისდიქციაში. რუსეთს ყოველთვის აქვს სურვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად არამედ რელიგიურადაც მოახდინოს ოკუპირება სხვადასხვა ქვეყნისა, სხვადასხვა ხალხისა და ასეც ხდებოდა უკრაინაში მაგრამ დღეს საბედნიეროდ ეს ყველაფერი უკვე დასრულებულია,“-განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა ლეონმა.
უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები ახლა მსოფლიოს საპატრიარქოებისგან აღიარებას ელოდებიან. მათ შორის არის საქართველოც.
„ჩვენ გარშემორტყმული ვართ ძალებით რომლებსაც არც დამოუკიდებელი უკრაინა და არც უკრაინის ეკლესიის არსებობა არ აწყობთ. ამის მიუხედავად უკრაინის სახელმწიფო არსებობს და დაარსდა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. მართალია მას ჯერ არ გაუერთიანებია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მაგრამ არანაირ ადამიანურ ძალას არ შუძლია ღმერთის და ეკლესიის მთლიანობის დარღვევა. ვიმედოვნებთ, რომ ქართული ეკლესია მალე აღიარებს უკრაინის ეკლესიას,“-განაცხადა სინოდალური მართვის უმაღლესმა კაპელანმა მიტროპოლიტმა იოანემ.