ოჯახში ძალადობის ნიადაგზე საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 65 ქალი მოკლეს.
სახალხო დამცველმა 2017 წელს ქალის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 17 საქმე შეისწავლა.
აღმოჩნდა, რომ 17-დან 14 საქმეში მსხვერპლის ძალადობის წინარე ისტორია მითითებულია. აქედან 5 შემთხვევაში კი შსს ინფორმირებული იყო, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები არსებობდა.
ძალადობის მსხვერპლ ქალებს აქვთ იმის შიში, რომ ჩივილის შემდეგ მოძალადე ქმრები სასჯელის შემდეგაც დაბრუნდებიან და შურს იძიებენ.
მსგავსი განცდა აქვს ძალადობის ერთ-ერთ მსხვერპლ ქალს - ელენეს, ვისთანაც გასულ წელს სახლში ყოფილი პარტნიორი, ალექსანდრე ჯინჭველიშვილი, მივიდა, რომელიც ამავე დროს კრიმინალური პოლიციის მოქმედი თანამშრომელი იყო.
პატრულმა მოძალადეს სახლში შესვლის უფლება მისცა, მან კი, დაახლოებით, ნახევარ საათში პატრულის თანდასწრებით ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ბავშვის სანახავად შემთხვევით იყო მისული, მოკლა.
დაზარალებული ქალი და მისი ადვოკატები სამართალდამცავ ორგანოებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, მათ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლოთ.
ამ ფაქტიდან რვა თვე გავიდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - ლევან ვარდოსანიძე და კახაბერ ხვედელიძე, ისევ უწყებაში მუშაობენ.
შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე ვერ დაადგინა, იმოქმედა თუ არა პატრულმა გულგრილად, როცა მათ თვალწინ სახლში შესვლიდან ნახევარი საათის შემდეგ მოძალადემ სხვადასხვა ოთახში კაცი მოკლა, ქალი კი მძიმედ დაჭრა.
ის, რომ შემაკავებელი ორდერი რეალურად მსხვერპლს მოძალადისგან ვერ იცავს, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული ტრაგედია ადასტურებს. 2018 წლის 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ნათია გაბოძის შვილი - 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი, ცივი იარაღით მოკლეს.
მსჯავრდებული ნათია გობაძის ყოფილი ქმარი, 46 წლის ვეფხია ბაქრაძეა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას მის სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. შემაკავებელმა ორდერმა მოქმედება ვერ მოასწრო, მაგრამ ის ვეფხიას მოკლულის დედასთან მიახლოვებას უკრძალავდა. გამომძიებელს მაინც არ დაუსვამს კითხვები, ემუქრებოდა თუ არა საფრთხე მოძალადისგან, ქალის გარდა, ოჯახის რომელიმე სხვა წევრს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 2 მიმდინარე საქმე აქვს, სადაც სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს, რომელთა არასათანადო რეაგირებისა და უმოქმედობის შედეგად ეს ქალები მოკლეს.
მსხვერპლი ქალები ყვებიან, რომ რეგიონებში მთავარი პრობლემაა ნაცნობ-მეგობრობა, მაღალჩინოსნებთან კავშირები, სტერეოტიპი, რომ ეს ოჯახის საქმეა და არა პოლიციის.