„ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც,“ - ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვანო ზარდიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ზარდიაშვილს არ მიიჩნევს ღირსად, რომ უპასუხოს.
ეკა ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილი ადრე ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი იყო, ახლა კი მისი ნარჩენების ხელის ბიჭია. მან ქართული ოცნების დეპუტატს "შპარგალკების მიმტანი" უწოდა.
„ტრაგიკომიკურია, რომ ქართული ოცნების სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი - ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც არ არის ჩემთვის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ, ქართული ოცნების სახელით საუბრობენ. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი, არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც უნდა ვუპასუხო. ის ყოველთვის ხელის ბიჭი იყო და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი, დღეს არის მათი ნარჩენების ხელის ბიჭი. მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანი," - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ზარდიაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას ახლო კავშირები აქვს ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან.
„მე შეიძლება, ამაზე მხოლოდ დავცინო. არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ჩემი რეაქცია და ვუთხრა, რომ ადამიანი, რომელიც არის დაკავებული იმით, რომ „შპარგალკები" მიიტან-მოიტანოს პარლამენტსა და მოსამართლეებს შორის, მერე იმ სურვილებზე რომ უარს ვეუბნებოდი, კარისკენ მივუთითებდი, მერე გულდაწყვეტილი საწყალი თვალებით ისევ რომ თავის პატრონებთან გაიქცეოდა, იმის პატრონები არიან ჩინჩალაძე და ვისთანაც მეგობრობს. მათი სურვილების გამხმოვანებელი იყო, ადამიანი ოცნებობდა, რომ პარლამენტში საბუღალტრო წიგნი შეექმნა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვანო ზარდიაშვილის თქმით, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეკა ბესელიას არ გიყვარდეს. დეპუტატი მის მიმართ გამოთქმულ იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თითქოს, ის არის "იუსტიციის საბჭოს რუხი კარდინალი პარლამენტში" და ე.წ. „შპარგალკების“ მატარებელი. ზარდიაშვილმა ეს ბრალდებები უარყო.