19 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ხელშეკრულება რუსეთთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე - ენმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს 

ოპოზიცია საქართველოსა და „ინტერ რაოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას მუდმივად ეწევა და იქ სამხედრო ბაზებს ანთავსებს, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გახდეს. ოპოზიციაში აინტერესებთ კონკრეტულად რა პირობებია ჩადებული ხელშეკრულებაში და ხომ არ აზარალებს ის ქვეყნის ინტერესებს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის სუბსიდირება, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ხორციელდება. 

„მაშინ, როდესაც რუსეთი ყველანაირად ამყარებს ოკუპაციას და ანექსიას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ზრდის საკუთარ სამხედრო ინფრასტრუქტურას ამ რეგიონებში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დღევანდელმა მთავრობამ, მინისტრმა ქობულიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფაქტიურად, სუბსიდირება გაუკეთოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ენერგო სისტემას ქართველი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან. კერძოდ კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეალურად, ქობულიას დავალებით, გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის, რასაც განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის „ესკოს“ და რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტიურად, გადასახადის გადამხდელების სახსრები გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის დახმარებისთვის, საოკუპაციო რეჟიმის სუბსიდირებისთვის, ჩვენ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ, ამ ხელშეკრულების ყველა დეტალის გასაჯაროება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები