17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
დაზიანებული გზები და გაჩეხილი ნარგავები - ბოლო დღეებში ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანა განახლდა

დაზიანებული გზები და ჩაჭრილი ელექტროსადენები - აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანა გრძელდება. ამჯერად მორიგი გიგანტური ხეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითშია გამზადებული.

ხეების ტრანსპორტირების გამო, სოფლის საავტომობილო გზაზე მრავალწლიანი ნარგავები მოიჭრა. ჩაჭრილია ელექტროსადენებიც, რის გამოც, ადგილობრივებს რამდენიმე დღის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდათ.

სოფელში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა, 4 დღის განმავლობაში ელექტრომომარაგება შეწყვეტილი ჰქონდათ.

ადგილობრივების განმარტებით, ხეები უნებართვოდ მოიჭრა. მათი განცხადებით, ასწლოვანი ნარგავების გადასატანად გზა ვიწრო იყო, რის გამოც გზის გაფართოების სამუშაოები დაიგეგმა. მოსახლეობის თქმით, ზენითში გზა რამდენიმე წლის წინ მოაპირკეთეს და ხელახალი რეაბილიტაცია საჭირო არ იყო.

"რამენაირად უნდა შენელდეს ამ კაცის პოზიცია. მთლად, ძირფესვიანად გაგვანადგურა,“ - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

ხეების გადატანის პროცესს ოპოზიცია გამოეხმაურა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროცესში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

„ბიძინა ივანიშვილი რომ საუბრობდა, ერთი წელი მადროვეთო, ალბათა, ამას გულისხმობდა. ერთ წელიწადში ამოწურავს, ალბათ, ხეების თრევის პროცესს. რასაც ისურვებს ერთი კაცი, კეთდება ისე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, პოლიციის უფროსი, სუს-ის უფროსი მხოლოდ ხეების ტრანსპორტირებას ემსახურებიან,“ - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, ბონდო თედორაძემ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები