საქართველოს ბანკთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთიდან მიღებული წერილის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი.
დეპუტატის თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი მართლაც არსებობს, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზეა“ საუბარი, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს.
„მე უბრალოდ ინფორმაციის სახით მოვისმინე და არ ვიცი, თუ არის ასეთი წერილი. თუ ამას ოფიციალური სახე აქვს, ბუნებრივია, ამით ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, ალბათ, ეს პარლამენტარების საქმე ნაკლებად არის,“ - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის შესახებ დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. დეპუტატის თქმით, წერილში საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.
დავით ჭიჭინაძის მტკიცებით, წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოს ბანკის აქციონერები ისეთ აქტივს ფლობენ, რომლის შესახებაც BGEO-ჯგუფი არაა ინფორმირებული და რუსთავის აზოტის წინააღმდეგ დავა ბანკს პრობლემებს შეუქმნის.