19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"არათუ შეწყდა რომან ფიფიას დავა BGEO ჯგუფის წინააღმდეგ, არამედ გადავიდა არსებითი განხილვის ფაზაში" - რომან ფიფია

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს რომან ფიფიამ შეწყვიტა დავა ინგლისის სასამართლოში, არ შეესაბამება სიმართლეს და მსმენელის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისთვის არის გაკეთებული,“ - ამ განცხადებას რომან ფიფია ავრცელებს.

რომან ფიფია საქართველოს ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენას ეხმაურება, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა.

საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის შესახებ დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. დეპუტატის თქმით, წერილში საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.

„კერძოდ, საუბარია ინგლისის სასამართლოში რომან ფიფიას სარჩელზე, რომელიც ეხება ინგლისში რეგისტრირებული რამდენიმე სუბიექტს. მოხდა ინგლისის კანონმდებლობის შესაბამისად სარჩელის კორექტირება და ძირითად მოპასუხედ განისაზღვრა ინგლისში რეგისტრირებული კომპანია BGEO ჯგუფი, რომელიც გახლავთ საქართველოს ბანკის მეპატრონე კომპანია. არათუ შეწყდა რომან ფიფიას დავა BGEO ჯგუფი წინააღმდეგ, არამედ გადავიდა არსებითი განხილვის ფაზაში, რასაც საქართველოს ბანკი თავადაც ადასტურებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ  სასამართლო დავა რომან ფიფიამ 2018 წელს შეწყვიტა.

„ინგლისის სასამართლოს არ განუხილავს საკითხი, არის თუ არა რომან ფიფია დაზარალებული მხარე. სწორედ ეს არის დავის არსი და აღნიშნული საკითხი გადაწყდება საქმის არსებითი განხილვისას, რომლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ შემდეგ ფაქტებს: საქართველოს ბანკი არ არის მოპასუხე ამ დავაში. მეტიც, 2018 წლის 27 აპრილს რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. დავა მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-სა და რომან ფიფიას შორის ინგლისის სასამართლოში,“ - აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები