ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დანიელ ორტეგას "არალეგიტიმური მმართველი" უწოდა.
ლეიბორისტების ლიდერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნიკარაგუის პრეზიდენტის მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციები გაატაროს.
„როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპირებს ნიკარაგუის პრეზიდენტი, დანიელ ორტეგა. ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გაავრცელოს პრეზიდენტ დიქტატორზე უმკაცრესი ფინანსური სანქციების რეჟიმი, დაბლოკოს მისი მილიარდები დასავლეთის ბანკებში. სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებს რაც უკავშირდება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობს რღვევას და მის გაღრმავებას, უყურებს მშვიდად. მრჩება არცთუ უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ ესაც გარიგებაა კრემლთან იმის თაობაზე, რომ შენ საქმე გააკეთე, მე ჩუმად ვიქნები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.