ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციების დროს დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
დაკავებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა.
ისინი აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ე.წ. ქურდულ სამყაროს წევრობასთან კავშირი არ აქვთ.
„ამ პირებს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პრიმა ნაწილით არის გათვალისწინებული ამ დანაშაულის ჩადენა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყენებენ დუმილის უფლებას. მტკიცებულებები, საქმის მასალები ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია,“ - განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით გამთენიისას ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციების შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. მათი აყვანა საცხოვრებელი სახლიდან მოხდა.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას სამართალდამცველებს არანაირი ნივთმტკიცებები არ ამოუღიათ.