20 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
ფოთსა და სენაკში დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის "ლავასოღლისთან" - შსს

ფოთსა და სენაკში დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის "ლავასოღლისთან" - ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.

ჭელიძის განცხადებით, დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ ბრალად.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავასოღლისთან, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტ სახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან (ზედმეტ სახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ,“ - აცხადებენ შსს-ში. 

 

დღის ამბები