19 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
მორიგი სკანდალი საპატრიარქოში - შს მინისტრმა სასულიერო პირებზე კომპრომატების მოპოვების არაფორმალური ბრძანება გასცა

მორიგი სკანდალი საპატრიარქოში - შინაგან საქმეთა მინისტრმა სასულიერო პირებზე კომპრომატების მოპოვების არაფორმალური ბრძანება გასცა. ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები უნდა იყო ისეთი, რომ მღვდლების მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირდეს და სასულიერო პირებმა ხალხზე გავლენა დაკარგონ.

ეს სკანდალური ამბავი კურიერს ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. პირველი მეუფე იაკობის გარემოცვის წევრია, მეორე კი საპატრიარქოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

პატრიარქის ქორეპისკოპოსთან დაახლოვებული პირი ყვება, რომ გახარიამ მღვდლებზე კომპრომატების მოპოვების დავალება სამინისტროს მაღალჩინოსნებს მისცა, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ინფორმაცია მეუფე იაკობამდე მიიტანა.

სწორედ ამის გამო, 29 დეკემბერს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა გიორგი გახარიაზე შტურმი მიიტანა. თქვა, რომ მინისტრმა წითელი ხაზები გადაკვეთა, ის რუსეთია კაცია და, თუ გახარია პრემიერობას გადაწყვეტს, მაშინ სამღვდელოება მას დაამხობს.

ყველაფერი მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონით დაიწყო, როდესაც მეუფე იაკობის ორგანიზებულ მღვდლების ამბოხებას, მაშინ გახარიას ინიცირებული მარიხუანას პლანტაციების გაშენების პროექტი შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გახარიამ საგანგებო თათბირი დანიშნა.

კურიერის წყაროს ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მეუფე იაკობს უთხრა, რომ მინისტრმა მათ გავლენიან მღვდელმთავრებსა და რიგით მღვდლებზე კომპრომატების მოგროვება დაავალა. ბრძანების თანახმად, უნდა ამოეღოთ არქივში შენახული ძველი კომპრომატები და ფარულად გადაეღოთ ახალი.

მეუფე იაკობია ახლა ამერიკაშია. ექსკლუზიური ინტერვიუ კურიერის სასულიერო პირმა კაპიტოლიუმის მოედანზე კონგრესში შეხვედრების წინ მისცა.

„კომპრომატებს გააჩნია, რას უწოდებ. მე არ ვიცი, შსს-მ რა უნდა ქნას კომპრომატით, გინდ შსს-მ, გინდ რუსეთმა“ - ამბობს მეუფე იაკობი.

კურიერის მეუფე იაკობის გარემოცვის წევრები უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც მღვდელმთავარი შინაგან საქმეთა მინისტრს დამხობით დაემუქრა და მას რუსეთის კაცი უწოდა, განცხადებას მთავრობაში პანიკა მოჰყვა.

მეუფესთან შუამავლები მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, რომ გახარია მსგავს ნაბიჯს არ გადადგამდა. დროებითი ზავი შედგა, თუმცა, მეუფე იაკობი შსს მინისტრის მაინც არ შეხვდა. მეუფე განმარტავს, რომ ძალიან დაკავებულია და მინისტრი ამ მიზეზით ვერ ნახა.

სკანდალურ ინტერვიუში მეუფე იაკობი ქვეყნის პირველ პოლიციელს რუსეთის კაცს უწოდებს. კურიერთან პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამ მძიმე პოლიტიკურ ბრალდებას აღარ იმეორებს.

მეუფე იაკობის გარემოცვიდან სანდრო წყარო კურიერს უყვება იმ საუბრის შინაარსს, რომელიც მეუფე იაკობსა და სხვა მღვდელმთავრებს შორის შედგა, რომლებმაც ჰკითხეს, რა იცის გიორგი გახარიას რუსული კავშირების შესახებ. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მაშინ მათ აუხსნა, რომ რუსეთის კაცში გულისხმობდა ბრძოლას რუსული მეთოდებით, რადგან სწორედ რუსული ხელწერაა მღვდლების ფარულად გადაღება და მათი დაშანტაჟება.

„თუ ძველად აგროვებდნენ, რუსეთის დროს, საბჭოთა კავშირის დროს აგროვებდნენ, მერე ახლა, გაგრძელდა თუ არა ხელისუფლებაში ეს, ვერ გეტყვით. რელიგიის საბჭო აღარ არსებობს, მასეთი უწყება ხილულად არ არის დღესდღეობით,“ - ამბობს მეუფე.

დღის ამბები