საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები ზურაბ აბაშიძისგან განმარტებების მოსასმენად შეიკრიბნენ, დახურულ ფორმატში წარიმართა.
სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად აბაშიძე, რომელიც კარასინთან შეხვედრამდე კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან მართავდა, აცხადებს რომ მზადაა კიდევ არაერთხელ შეხვდეს პარტიის თავმჯდომარეს და როგორც ახლობელ ადამიანს ესაუბროს.
"სიამოვნებით შევხდებოდი, მასთან მაქვს ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობები და აუცილებლად შევხვდები. ამჯერად ასეთი შეხვედრა არ იგეგმება. იყო კითხვები და იქ არ დაფიქსირებულა, რომ რაღაც დარჩა პასუხგაუცემელი. არც ისეთი კითხვა ყოფილა, რომელზეც ჩვენ აქ სხდომის დაწყებამდე არ გვისაუბრია,“-აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა განმარტავს, რომ სხდომა საიდუმლო ინფორმაციის გამო დაიხურა. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძის პასუხები ამომწურავი იყო და კითხვები არ დარჩენილა.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სხდომის დახურვა უკანონო იყო. ბოკერია ამბობს, რომ კომიტეტის სხდომის დახურვის რეალური მიზანი იყო, ზურაბ აბაშიძისთვის კომფორტული გარემო შეექმნათ, რადგან მას კითხვებზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ეს შეხვედრები უნდა შეწყდეს, რაც იქნება მკაფიო სიგნალი დასავლელი პარტნიორებისთვის, თუმცა მისი თქმით, გაირკვა,რომ შეხვედრების შეწყვეტის საკითხი არ განიხილება.