19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
"როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, წერილი მას მიაწოდა შუამავალმა" - პროკურორი

"როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა,“ - ამის შესახებ პროკურორმა მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს შუამავლის ვინაობა არ დაასახელა. პროკურორის განცხადებით, ხაზარაძემ წარადგინა ქაღალდზე დაბეჭდილი ფურცელი მაიდენტიფიცირებელი საშუალების გარეშე.

არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებენ, რათა წერილის წარმომავლობა დადგინდეს.

„როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავლის ვინაობა, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის აკრეფილი კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ გააჩნია და შუამავალთან დაკავშირებითაც გაგეცით პასუხი. შინაარსობრივი მხარე, ეს წერილი ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია. სასამართლოს აქვს ამ ეტაპზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა საგამოძიებოდ ა საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს,“ - განაცხადა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა. 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქალაქო სასამართლოში წარადგინა წერილის ასლი, ხოლო დედანი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. 

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები