19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მმართველი გუნდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. "ქართული ოცნების" ლიდერები განმარტავენ, რომ ფინანსური დანაშაული პოლიტიკურ სკანდალად არ უნდა იქცეს. ისინი მამუკა ხაზარაძეს არასერიოზულ ბიზნესმენებად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ის ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკზე“ ზეწოლა  „ომეგა ჯგუფის“ საქმეს შეადარა.

ყოფილი თანაგუნდელების ამ პოზიციების გამო საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები აკრიტიკებდნენ.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე არ გამოიძიებს, რადგან საქმეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირადი ინტერესებია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია.

ოპოზიციის მსგავსად ფიქრობს გიორგი ქადაგიძე. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, „თიბისის“ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, პროკურატურა ფულის გათეთრებას ვერ დაამტკიცებს, ამიტომ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ უნდა დაადგინოს, რა მიზანი ჰქონდა საგამოძიებო უწყებას, როდესაც საქართველოში ყველაზე მსხვილ ბანკზე იერიში მიიტანა.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსს, გიორგი ქადაგიძეს პროკურატურა დღეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავდა. სასამართლოში ქადაგიძე მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

2008 წელს, როდესაც პროკურატურის მტკიცებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა ფული გაათეთრეს, ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო მოვალეობა იყო გადარიცხვების კონტროლი.

დაკითხვიდან გამოსული ქადაგიძე ამბობდა, რომ პროკურორების გაუგებარი კითხვების გამო დაკითხვაზე კურიოზული მდგომარეობა შეექმნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები