თუ ვინ იქნება შერჩეული და ვინ იქნება წარდგენილი უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
შუალედური არჩევნები 2019 გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, უცნობია, ვინ იბრძოლებს „ქართული ოცნების“ სახელით მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობისთვის. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ლადო კახაძე იქნება.
„თუ ვინ იქნება შერჩეული და ვინ იქნება წარდგენილი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება. გამიჭირდება კონკრეტულად პიროვნებაზე საუბარი. ძალიან ბევრ ადამიანზეა საუბარი და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად გაცნობებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შუალედური არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. კონკრეტულ პიროვნებას ამ ეტაპზე ვერც ის ასახელებს.
„ჯერ ვერ დაგიდასტურებთ რაიმე სახის ინფორმაციას, თუმცა ძალიან ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი უჭერდა მხარს ქალბატონ სალომეს და ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.