„დაელოდეთ „კოსას“ - თეა წულუკიანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და კვლავ საიდუმლოდ დატოვა, თუ რა ულტიმატუმი ჰქონდა მას წაყენებული მთავრობისთვის.
წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მან ოპონენტებს მიმართა, რომ იქნება თუ არა თანამდებობაზე, ის მაინც ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი იქნება მათ წინააღმდეგ.
მისი თქმით, თემის ამოწურვის გამო ოპონენტები იმედგაცრუებულები დარჩნენ.
„სხვადასხვა აღმასრულებელ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს არ იქნება ის, ოპონენტების მინდა, ავუხსნა, რომ რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა, დავუდასტურო, მე მათთვის ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, საწყენია, რადგან იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა. მაგრამ ეს არის ასე,“ - აღნიშნა წულუკიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმისთვის რომ თემა ამოწურულიყო, საკითხის მოგვარებაში ჩაერია თუ არა ბიძინა ივანიშვილი, წულუკიანმა წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებდა.
„ყველაფერს წყვეტდა ერთი კაცი ხოლმე, რომელიც ახლა "მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის" სახელით არის მსოფლიოში ცნობილი, ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის. ამ შემთხვევაშიც ის აღმასრულებელი თემა, რაც იყო, ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რაც გუნდის საერთო პოზიციაა და ეს იყო ჯანსაღი პროცესი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.