19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ - ჯაფარიძის თქმით, ინიციატივა არა სესიაშვილს, არამედ საპატრიარქოს ეკუთვნის 

„შანსი არ არის, რომ ეს კანონპროექტი გავიდეს. თუ გავიდა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ კანონპროექტს გავაჩერებთ,“ - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ, ჯაფარიძე დისკრიმინაციულს უწოდებს.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სამხედრო სავალდებულო  სამსახური საერთოდ გასაუქმებელია. ის ვარაუდობს, რომ ინიციატივა არა ირაკლი სესიაშვილს, არამედ საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. 

სესიაშვილმა ახალი კანონპროექტი "გირჩის" მიერ დაწყებული კამპანიის საპასუხოდ შეიმუშავა. პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

„დაგვჭირდება, გამოვიყენებთ საკონსტიტუციოს, დაგვჭირდება, წავალთ სტრასბურგში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დისკრიმინაციული კანონმდებლობა ამ ქვეყანაში არ იქნება. ნაცვლად იმისა, რომ აუქმებდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ეს არის გასაკეთებელი სინამდვილეში, ხელისუფლება ცდილობს, ისედაც გამწარებულ რეალობაში ახალგაზრდებს კიდევ უფრო გაუმწაროს ცხოვრება. შანსი არაა, არ გამოუვათ. საერთოდ არ მგონია, რომ ეს იყოს სესიაშვილის ინიციატივა. სავარაუდოდ, ეს ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოდან მოდის, რომელსაც ყელში აქვს გაჩხერილი თავისუფლება. ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით ახალგაზრდა ოჯახის დანგრევას, ცხოვრების განადგურებას, კარიერის განადგურებას, სამსახურის დაკარგვას. პირველ რიგში, თავისუფლების ფასი დავანახეთ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები