პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, "ქართულ ოცნების" წევრებს პირველად ხვდება. შეხვედრას "ქართული ოცნების" ოფისში, ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. მმართველ პარტიაში შეკრება მძიმე საპარლამენტო განხილვების შემდეგ დაინიშნა. მსჯელობის ერთ-ერთი თემა სავარაუდოდ, მოსამართლეების არჩევის საკითხზე პარლამენტში მიმდინარე ხმაურიანი დებატებიც იქნება.
პარტიის ოფისში მისული უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საუბარი ბევრ საკითხზე იქნება და მათ შორის განიხილება სასამართლოს თემაც.
„ყველა მიმდინარე საკითხი იქნება განხილული უმრავლესობის სხდომაზე. საერთოდ რაღაც პერიოდი ჰქონდა გაცდენა შეხვედრებს. უფრო ინტენსიური გახდება. მე ვფიქრობ საინტერესო თემები იქნება ჟურნალისტებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. რა საკვირველია სასამართლოს თემაზეც იქნება მსჯელობა და არამარტო,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
რამდენადაც ცნობილია „ქართული ოცნება“ პარტიაში ახალი სახეების მისაღებად პოლიტიკურ კასტინგს ატარებს. "რუსთავი 2"-ის კითხვაზე, "შეარჩია თუ არა პარტიამ ახალი სახეები და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ისინი," გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმია.
„მე ვერაფერ იმაში გამორჩეულს ვერ ვხედავ, რომ რაოდენობა cv-ების იყოს მნიშვნელოვანი გვარამიასთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია. ყველა პარტიას ახასიათებს განახლებაც, ახალი სახეებიც, ძველი სახეების მოზიდვა და ჩვეულებრივი პროცესი მიდის რაც ყველა პარტიისთვის ახალია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტიაში დაწყებულ შერჩევასთან დაკავშირებით ოპონენტების სკეპტიციზმი უკვირს მარიამ ჯაშსაც. მისი თქმით პრიორიტეტი არის ის, რომ მოხდეს გუნდის გაძლიერება.
„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოგეხსენებათ არის, რომ მოხდეს გაძლიერება გუნდის. ბუნებრივია ეს თავის მხრივ მოიცავს ახალი როგორც საზოგადო მოღვაწეობის თვალსაზრისით გამორჩეული სახეების არამხოლოდ ასაკით ახალგაზრდა კადრების მობილიზაციის პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ის სკეპტიციზმი, რომელიც გაჟღერდა არის გადაჭარბებული რადგან ეს არ გახლავთ სტანდარტული ე.წ. რეკრუტირების პროცესი,"-განაცხადა მარიამ ჯაშმა.