"ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო შეკრება დასრულებულია. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ. განხილვის თემა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იყო, რომელის განხილვაც დღეს იურიდიულ კომიტეტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ რა შენიშვნები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს კანონპროექტთან დაკავშირებით. ითქვა მხოლოდ ის, რომ დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები.
„ეს დეტალები ჩემი აზრით ახლა არ არის საინტერესო. საინტერესო იქნება ხვალ კენჭისყრის შემდეგ. გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით რა არის ძირითადი მოტივაცია ამ კანონპროექტის. რა ძირითადი მოტივაციები არის ალტერნატიული კანონპროექტის. ამ თემებზე იყო საუბარი და ხვალ გადაწყვეტილებებში გამოჩნდება ეს ყველაფერი,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
რომან კაკულია ერთადერთი იყო, ვინც დღეს არ დააკონკრეტა აპირებს თუ არა კანონპროეტს მხარი დაუჭიროს. შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ წინა შეხვედრაზე აღნიშნულ კანონპროექტს მხარი გუნდის ყველა წევრმა დაუჭირა. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს უკვე საბოლოო დეტალები განიხილეს.
მამუკა მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ თუ კი ვინმეს სუბიექტური მოსაზრებები არ ექნება კანონპროექტის დაწუნება შეუძლებელია. მისივე თქმით დირექტივები ამ სხდომაზე არავის მიუღია.
„წარმოუდგენელია, რომ დღეს იყოს აქ დირექტივებზე საუბარი. იმიტომ რომ არაერთი შეხვედრა, კოლოსალური დრო დავუთმეთ ამ კანონპროექტის შემუშავებას. დამუშავებას და შესაბამისად არავის არ სჭირდება მიერ კითხვაში გახმოვანებული დირექტივების შესახებ საუბარი. უმრავლესობა უკვე ერთხმად თანხმდება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.