19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
არ მგონია ახლა იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ახალი ფორმატი შეიქმნას - საფრანგეთის ელჩი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ჟენევის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი ეხმაურება. პასკალ მენიე ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი ეფექტური არ არის, თუმცა მისივე თქმით, ახლა არ არის ის ეტაპი, რომ ახალი ფორმატი შეიქმნას. 

საფრანგეთის ელჩის განცხადებით, უნდა იფიქრონ შესაძლებლობების შექმნაზე, რათა რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდეს.

პასკალ მენიეს თქმით, მნიშვნელოვანია, რუსეთი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტს აღადგენს. 

„ყველამ იცის, რომ ჟენევის ფორმატი ეფექტური არ არის. ზუსტად რა თქვა პრეზიდენტმა, არ ვიცი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ შესაძლებლობების შექმნაზე საქართველოს ახლო მეგობრებთან ერთად, რომ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდეს რუსეთზე. არ მგონია ახლა იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ახალი ფორმატი შეიქმნას. პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს მისი შეცვლა, რადგან მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით დადებით შედეგებს ვერ მიაღწია და უნდა ვეძებოთ გზები, ეფექტური გახდეს. მნიშვნელოვანია, რუსეთმა სხვა თვალით შეხედოს მეზობლებს. საქართველო მისი მტერი არ არის. ის უნდა მივიდეს იმ პოზიციამდეც, რომ საქართველო აღადგენს თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტს,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების გადახედვის წინადადებით გამოვიდა.  როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ფორმატი ეფექტური არ არის და ცვლილებებია საჭირო.

ჟენევის ფორმატში საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე პარტნიორებთან ერთად ზის, რაც რუსეთისთვის არასასიამოვნოა და ზურაბიშვილზე ადრე ამ ფორმატის გადახედვას სწორედ ოკუპანტი ქვეყანა ითხოვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები