„ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის - ცდება პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული,“ - ეს განცხადება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
ხაზარაძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და კომპანია HYUNDAI SAMO HEAVY INDUSTRIES -ისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.
ანაკლიის პორტს ამწეებს ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია, HYUNDAI SAMO HEAVY INDUSTRIES მოაწვდის.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელი მოაწერა კორეულ კომპანიასთან ხელშეკრულებას, თანამშრომლობა სამომავლოდ გემთმშენებლობის მიმართულებითაც გაგრძელდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა, რამეთუ ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავის ფლოტი და თვის გემები," - განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა არ შეჩერებულა.
"ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არცერთი წამით, არცერთი დღით და საათით, სამშენებლო პროცესი პროექტის არ გადადებულა, გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც დამოკიდებულია იმ 8 პუნქტის შეთანხმებასთან და ფინანსური დახურვა, ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას, თუ რა თქმა უნდა, უახლოეს თვეებში ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვაპუნქტიანი სია დროულად შესრულდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი კონსორციუმის წევრების, მთავრობის და საერთაშორისო ინვესტორების შეხვედრა აპრილის დასაწყისში შედგება.