პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლების ბინები ძვირადღირებულ კორპუსებში და უბნებში - ოპოზიცია გაზრდილი კრიმინალის პარალელურად მაღალჩინოსნების ქონების ზრდით დაინტერესდა.
შსს-ს მაღალჩინოსნის, ანზორ მარგიანის, ოჯახს აღმაშენებლის ხეივანში ეკუთვნის შენობა, სადაც სასტუმროა განთავსებული. ანზორ მარგიანის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კომერციული ფართი 300 ათას ლარად მისმა მეუღლემ 2015 წელს იყიდა. ლალი მარგიანი საბავშვო ბაღის ლოგოპედია და მისი ხელფასი თვეში 421 ლარია.
ანზორ მარგიანი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი პოლიციელია. მარგიანმა 2012 წლიდან დღემდე შეიძინა ერთი საცხოვრებელი სახლი 130 ათას ლარად საბურთალოზე და 3 მიწის ნაკვეთი.
ძალოვნების ქონება და შემოსავლები ოპოზიციამ დათვალა და ამბობენ, რომ კრიმინალის ზრდის პარალელურად, მათი შემოსავლებიც იზრდება.
მდიდარი პოლიციელების სიაში, ვინც 2012 წლის შემდეგ ნახევარ მილიონ ლარზე მეტის უძრავი ქონება იყიდა, არის გურიის პოლიციის უფროსი, კახა მურადაშვილი, რომელსაც ყველაზე მეტად ვაკე ხიბლავს. 2012 წლიდან დღემდე მან 600 ათასი ლარის სახლები და მიწის ნაკვეთები შეიძინა.
მინიმუმ ნახევარი მილიონით გაიზარდა ბოლო წლებში შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის, ქონება. დეკლარაციაში წერია, რომ 96 ათასი დოლარი ბანკში აქვს შენახული. 2016 წელს იყიდა 85 ათას ლარად სახლი წავკისში და 100 ათასად მიწა კრწანისში.
კრწანისში საბანაძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ნაყიდთან ერთად მან 123 კვადრატული მეტრი მიწა ჯერ თვითნებურად დაიკავა, 2017 წელს კი, დავით ნარმანიას მერობის დროს, უკანონოდ დაკავებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში გადასცეს.
შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე კუტიბაშვილი, კი ბაგებში სახლს იშენებს. დეკლარაციაში ის წერს, რომ ნუშის ბაღების ქუჩის მიმდებარედ, 1000 კვადრატული მეტრი მიწა 75 ათას დოლარად 2014 წელს იყიდა.
პოლიციელებზე არანაკლები ქონება აქვთ პროკურორებს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა, პროკურატურაში დასაქმებიდან დღემდე 4 საცხოვრებელი ბინა იყიდა. აქედან ერთი - 169 კვადრატული მეტრი, 90 ათას დოლარად ვაჟა ფშაველას გამზირზე. 3 საცხოვრებელი კი დოდაშვილის მოედანზე.
დოდაშვილზე, პროკურორის მეზობლად, ორ ბინას ფლობს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე. ამავე კორპუსში 4 ბინა აქვს მოსამართლეთა კლანის ლობისტს პარლამენტში, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს.
მთავარი პროკურორის მოადგილის ქონებაზე არანაკლებ შთამბეჭდავია ქონება, რომელსაც პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, მერაბ მურღულია ფლობს. მხოლოდ 2012 წლის შემდეგ მურღულიას ქონება, მინიმუმ, 582 ათასი ლარით არის გაზრდილი.
ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული მდიდარი პოლიციელების სიაშია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გაგა კირკიტაძე. კირკიტაძემ მხოლოდ 2017 წელს კარტოზიას ქუჩაზე m2-ის კომპლექსში 161 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი შეიძინა და ამისთვის 127 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.