17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
კამერები სკოლის ტუალეტში - მოსწავლეები შველას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საპირფარეშოებში თვალთვალი მიდის

კამერები სკოლის ტუალეტში - მოსწავლეები შველას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საპირფარეშოებში თვალთვალი მიდის.

მოსწავლე, რომელმაც კადრები ტელეფონით გადაიღო და კურიერს დახმარება სთხოვა, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. ვიდეომასალიდან დგინდება, რომ დირექციამ სათვალთვალო კამერა პირდაპირ ტუალეტში დააყენა.

მანდატურების ოთახიდან კი ყველა ის მოსწავლე კონტროლდება, რომელიც საპირფარეშოებში შედის. კამერა მხოლოდ ბიჭების ტუალეტში დააყენეს, გოგოების საპირფარეშო ოთახი კი არ კონტროლდება.

115-ე სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ადმინისტრაციამაც საპირფარეშოში კამერა დააყენა. ფული კამერების შესაძენად სკოლის დირექტორმა ბიუჯეტიდან გამოყო. დირექციას შემოწმების დროს შენიშვნას მისცეს და უთხრეს, რომ საპირფარეშოში კამერა სხვა მიმართულებით უნდა მიეტრიალებინა.

კურიერმა გადაამოწმა, შეასრულა თუ არა ადმინისტრაციამ ეს დავალება. სამუშაო საათებში სკოლის დირექტორი სამსახურში არ იყო. ფიქრია ღამბაშიძემ კურიერის კითხვებს პასუხი არ გასცა.

საპირფარეშოებში კამერების დაყენებას კანონიც კრძალავს. მოქმედი მინისტრის ახალ დადგენილებაში, რომელიც ძალაში წელს შევიდა, მკაცრად გაწერილია, რომ ვიდეოთვალთვალი სკოლის საპირფარეშოებში დაუშვებელია.

თავისივე მინისტრის ამ ბრძანებას არღვევს 176-ე საჯარო სკოლის დირექციაც. აქაც ბიჭების საპირფარეშოები კონტროლდება. კამერების მიმართულებასაც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ამიტომ უცნობია, ვინ იცავს მოსწავლეების უფლებას.

დირექტორების უმრავლესობა ასეთ გადაწყვეტილებას მოსწავლეების უსაფრთხოებით ხსნის. ირწმუნებიან, საპირფარეშოში კამერა ბავშვის სწორად აღზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

ეს განმარტებები მიუღებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რომელმაც საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპირფარეშოების თვალთვალის შესახებ საქმის კურსში იყო, მის უწყებას ამ დრომდე პრობლემის აღმოფხვრისთვის არაფერი გაუკეთებია. 

დღის ამბები