19 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
სპირტის შავი ბიზნესი - გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სქემის სათავეში ივანიშვილის ორი ძმა დგას

ივანიშვილების სპირტის შავი ბიზნესი - Presa.ge-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სპირტის არალეგალური ბიზნესის სქემა გაშიფრეს. სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილის ორი ძმა - ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები, არიან.

სქემის მიხედვით ირკვევა, რომ მათ საქართველოში იაფი ხორბლის სპირტი შემოაქვთ, შემდეგ დოკუმენტაციას აყალბებენ და ქვეყნიდან ხორბლის სპირტი ღვინის სპირტის დასახელებით გადის, რაც უფრო ძვირია. მოგება მილიონობით ლარია.

Presa.ge-ის მტკიცებით, ამ სქემისთვის ძმები ივანიშვილები ძმები ასკანელების, დუგლაძეების და ბოლერო ენდ კომპანის ღვინის ქარხნებს იყენებენ.

ბოლერო ენდ კომპანის ქარხანაში კურიერის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. ქარხანა 2015 წლამდე სახელმწიფოს საკუთრება იყო და მას გრუზვინპრომი ერქვა, 3 წლის წინ ის ბოლერო ენდ კომპანიმ 31 მილიონად იყიდა. გაყიდვის დროს ქარხნის ერთ-ერთი კრედიტორი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკი იყო. ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ჩაიგდო ხელში ივანიშვილების ოჯახმა გურჯაანის ღვინის ქარხანის კონტროლი.

კიდევ ერთ საწარმო, რომელსაც გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ძმები ივანიშვილები სპირტის არალეგალური ბიზნესისთვის იყენებენ, დუგლაძეების ღვინის ქარხანაა. ღვინის ამ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის ძმა წილის 23%-ს ფლობს.

ქარხანაში კურიერი იმის გასარკვევად მივიდა, რა ოდენობის სპირტს აწარმოებენ ყოველწლიურად და სად იძენენ ამდენ ყურძენს, თუმცა, ალექსანდრე ივანიშვილის გვარის ხსენების შემდეგ რუსთავი2-თან საუბარი აღარ ისურვეს.

დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორი, ზაალ დუგლაძე, კურიერს მალევე ტელეფონით თავად დაუკავშირდა. ალექსანდრე ივანიშვილის მეწილეობა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

სპირტის წარმომავლობის შესახებ დასმულმა შეკითხვამ ძმები ასკანალების ღვინის კომპანიის ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის გაღიზიანება მოჰყვა. ადმინისტრაციამ კურიერის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

Presa.ge-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები კურიერმა დამოუკიდებლად გადაამოწმა. რუსთავი2-მა ღვინის ეროვნული სააგენტოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის და სპირტის მონაცემები ღვინის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

ირკვევა, რომ 2018 წელს საქართველოდან უცხოეთში 86 მილიონი ბოთლი ღვინო და 21 ათასი ტონა სპირტი გაიტანეს. 2018 წელს ქვეყანაში ყურძნის რეკორდული მოსავალი 230 ათასი ტონა იყო.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი ამ პროდუქციის წარმოებისთვის საკმარისი არ იყო.

Presa.ge-ის გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ფოთის პორტის გავლით, ბიძინა ივანიშვილის ძმას - ადიკო ივანიშვილს, ხორბლის იაფფასიანი სპირტი შემოაქვს. მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, დოკუმენტები იცვლება და ხორბლის სპირტი საქართველოდან საკონიაკე სპირტად გადის, მოგება კი დიდია.

დღის ამბები