„უმნიშვნელოვანესია, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება“ - ეს განცხადება ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.
2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაცია 15 ათას ევრომდე კომპენსაციას გადაუხდის. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართეს.
გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგმა დღეს გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მიხედვით, ინდივიდუალურ პირზე კომპენსაციის ოდენობა 2-დან 15 ათას ევრომდე მერყეობს. მისი გადახდა კი რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
„ძალიან ბევრი წლები უნდება ევროპული სასამართლო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება. რომ არ მიემართათ ამ მოქალაქეებს და სახელმწიფოთა შორის განაცხადიც რომ არ ყოფილიყო, ასეთი რეზონანსული გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. რუსეთის ფედერაციაში იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს ტიპის დარღვევებს სჩადიან და ახორციელებენ, სადღაც მაინც ექნებათ იმის განცდა, რომ ეს მათი ნამოქმედარი ოდესმე, თუნდაც, 10 თუ 12 წლის მერეც მსჯელობის საგანი გახდება და გარკვეული დარღვევები იქნება დადგენილი,“ - განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნინო ჯომარჯიძე, დეპორტირებული ქართველების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თანხის განსაზღვრის დროს სასამართლომ ყურადღება მიაქცია მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
„ისინი გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, რა დროსაც, მათ არ მიეცათ იმის საშუალება, რომ მათი საქმეები ინდივიდუალურად შემოწმებულიყო. გადაწყვეტილებებში მხოლოდ სახელი და გვარი იცვლებოდა რეალურად და დასაბუთება იყო იდენტური თითქმის ყველა საქმეში,“ - განაცხადა ნინო ჯომარჯიძემ.