ეკა ბესელიას მამუკა მდინარაძეს შეცდომით გზავნილი გაუგზავნა. ყოფილმა თანაგუნდელმა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარისგან SMS შეტყობინება 15:38 საათზე მიიღო.
მმართველი პარტიიდან დემარშით წასული დეპუტატის მტკიცებით, მესიჯში მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დავალებას აძლევდა, თუ რა უნდა ელაპარაკათ ბესელიას წინააღდეგ კამერების წინ.
მესიჯის ფოტოასლები მმართველი გუნდის ამბოხებული დეპუტატის ტელეფონში ინახება, თუმცა, ის გასაჯაროებაზე უარს ამბობს და კურიერის კამერის წინ გზავნილის ზოგად შინაარს ახმოვანებს.
ბესელიას მტკიცებით, მესიჯში, რომელიც მამუკა მდინარაძემ, ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად, მასაც გაუგზავნა, კონკრეტული დავალებები იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, დავალების მიხედვით, ყველა დეპუტატს უნდა ეთქვა, რომ ბესელიას მძიმე ემოციური ფონი აქვს და მას ხელის გაწვდა სჭირდება.
მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატის განცსხადებით, მეორე დავალების მიხედვით, ბესელიას მძიმე ემოციური ფონი პარლამენტის წევრებს მისი დაქვეითებით უნდა აეხსნათ.
გზავნილები კამერების წინ დღეს ანრი ოხანაშვილმა გაიმეორა.
მამუკა მდინარაძის მესიჯბოქსიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ბესელიას წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევის დავალება ჰქონდათ მიღებული. ნაწილს კამერის წინ უნდა ეთქვა, რომ ყოფილი თანაგუნდელი კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის კლანის კრიტიკით ნაციონალური მოძრაობის დავალებას იმეორებს.
მსგავსი შინაარსის კომენტარი დღეს გია ვოლსკიმ გააკეთა.
მამუკა მდინარაძემ კურიერს დაუდასტურა, რომ ეკა ბესელიას მესიჯი შეცდომით ნამდვილად მისწერა, თუმცა, აქვე განაცხადა, რომ გზავნილს არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, არამედ ერთ კონკრეტულ დეპუტატს, ნინო წილოსანს, უგზავნიდა, რომელმაც ჰკითხა, რატომ დაიწყო დილიდან ახალი დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დეპუტატ წილოსანს დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების კრებულს უგზავნიდა.
მდინარაძის სკანდალური გზავნილი ვრცელია. ეკა ბესელია პირადი მიმოწერის დაცულობის სტანდარტის დარღვევას არ აპირებს და მის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.
მამუკა მდინარაძემ კი დღის ბოლოს დამატებითი კომენტარი გააკეთა და მთავარ ოპონენტს მოუწოდა, SMS შეტყობინება სრულად გაასაჯაროოს.
მისი თქმით, თავად მესიჯი წაშალა და პირად მიმოწერაში აღარ აქვს.
თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას თანადგომა სჭირდება. საპასუხოდ კი საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ ვიდრე ირაკლი კობახიძე პარლამენტს დაწვავს, პასუხიმგებლობა აიღოს და მართვის სადავეები ჩამოაშოროს.